კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში შენიშნეს. ხანძარი რთულად მისადგომ ადგილზეა, ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
სოფელ შილდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოებს, მეხანძრე მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.
"გუშინ საღამოს, სოფელ შილდის ტერიტორიაზე, ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება, შესაბამისად გამოძახებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალური დანაყოფი. რა თქმა უნდა, მყისიერად მოხდა რეაგირება. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ამაზე შესაბამისი უწყება გააკეთებს განმარტებებს,"- აცხადებს ყვარლის მერი მირზა უტაშვილი.