18 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
"დიდება უკრაინას" - თბილისში მე-6 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"დიდება უკრაინას" - თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. საზოგადოებამ უკრაინაში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

"2019 წლის შემდეგ ასეთი კონფერენცია არ ჩატარებულა. ჩემთვის დიდ პატივია ამ კონფერენციისთვის თბილისში დაბრუნება. ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელებისადმი. ცხადია საქართველოს ბევრი საერთო აქვს უკრაინასთან.

საქართველოში რუსეთი შეიჭრა 2008 წელს, ქვეყნის ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებული რჩება რუსული ძალების მიერ. ჩვენ გვინდა უკრაინასთან ერთად მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მიმართაც. საქართველო გადის რთულ პერიოდს. ამერიკის შეერთებული საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე და მეგობარია, ამიტომ ვართ აქ და ვუჭერთ მხარს საქართველოს.

რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ - ეს არის საქართველოს ინტერესი, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესი, ევროკავშირის ინტერესი და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება," - აცხადებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის დირექტორი დევიდ კრამერი.

კონფერენციის მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინას, და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. კონფერენციის მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ 2008 წელს მსოფლიომ ვერ მოახერხა შეეჩერებინა რუსეთი საქართველოში, თუმცა მათივე თქმით, ახლა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზე მაინც მოახერხონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება. ეს კონფერენცია ერთგვარი გახსენება იმისა თუ რის დემონსტრირებას ახდენს უკრაინა, თავისი სიმამაცით დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს უკრაინისგან პოლიტიკური სიმამაცის მაგალითი დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე ვარ მოხარული, რომ ვესწრები კონფერენციას ქვეყნაში, რომელსაც მსგავსი გამოწვევები აქვს," - ამბობს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.

დღის ამბები