04 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ახალი სატელევიზიო სეზონი "რუსთავი 2-ზე" - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს

"რუსთავი 2" ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. პირველი მაყურებელს ტრადიციულად დილის გადაცემა ესალმება. "დილა მშვიდობისა საქართველოს" გუნდში სიახლეა. ორშაბათიდან გადაცემას სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი, აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია წაიყვანს.

"დილა მშვიდობისა საქართველოს" კიდევ ერთი სატელევიზიო წყვილი ეყოლება - თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე ერთგულ აუდიტორიასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან. მაყურებლისთვის პოზიტიური განწყობის შექმნას და მრავალფეროვან გადაცემებს უკვე გეგმავენ.

პოზიტივი, ახალი და საინტერესო რუბრიკები - მუსიკა, გართობა, სპორტი, შემეცნებითი თუ სოციალური თემები. გადაცემა, სადაც მაყურებელს არცერთი კულტურული სიახლე არ გამორჩება.  "დილა მშვიდობისა საქართველო" ახალ, მრავალფეროვან სეზონს 12 სექტემბრიდან იწყებს.

ახალი სახელი, ახალი შემოქმედებითი ჯგუფი და ახალი წამყვანები - მაყურებელთან შესახვედრად გადაცემა "შუადღე" ემზადება. ახლა პირველი გადაცემის დაგეგმვა მიმდინარეობს, სადაც არაერთი სიურპრიზი მზადდება. 

"შუადღეს", სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი წაიყვანს. ანა კოშაძე, ნინუცა ორჯონიკიძე და სოფიკო ნარჩემაშვილი, გადაცემის განმავლობაში სხვადასხვა ამპლუასაც მოირგებენ.

გადაცემის ერთ-ერთი ახალი წამყვანი, ანა კოშაძე სხვადასხვა საინტერესო თემებთან ერთად მაყურებელს სპორტულ რჩევებსაც მისცემს.

ეტიკეტი, მოდა და სილამაზე, ეს ის თემებია, რომელიც მაყურებელს ნინუცა ორჯონიკიძესგან ყველაზე მეტად აინტერესებს. წამყვანი აუდიტორიას ამ საჭირო ინფორმაციებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო თემებსაც შესთავაზებს.

გადაცემაში უცვლელი რჩება რუბრიკა "საინტერესო ამბები ისტორიიდან", რომელსაც ყოველ ორშაბათს თომა ჩაგელიშვილი გვიამბობს.

ოთხშაბათი კი მოგზაურობის დღეა. ნიკა ლებანიძე მაყურებელს საქართველოს და მსოფლიოს გარშემო მთელი სეზონის განმავლობაში ამოგზაურებს.

მუსიკა, რუბრიკები, საინტერესო სიუჟეტები და ცნობილი ადამიანების წარმატების ისტორიები. დიასახლისებისთვის საჭირო და პრაქტიკული რჩევები - ამ ყველაფერს "რუსთავი 2"-ის მაყურებელი გადაცემა შუადღეში, 12 სექტემბრიდან ნახავს.

დღის ამბები