02 მაისი 2024,   11:01
ვრცლად
პროკურატურა მირიან კუკავას საქმეზე 5 დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე ბრალდებულების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული. პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულის, ასევე ხულიგნობასა და შეუტყობინებლობისთვის დაკავებული 7 პირის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ.

ამ მოთხოვნით სასამართლოს ბრალდებულების ადვოკატებმა მიმართეს, საფუძვლად კი დაასახელეს ის გარემოება, რომ დაკავებულებმა განმეორებითი ჩვენებები მისცეს გამოძიებას, ითანამშრომლეს და მათი პატიმრობაში დატოვების საფუძველი აღარ არსებობს. პროკურატურა 5 მათგანის შემთხვევაში ადვოკატებს დაეთანხმა. 

სასამართლოზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადება მალე დაიწყება. 

რაც შეეხება 2 ბრალდებულს, ვისი გათავისუფლების წინააღმდეგიც არის პროკურატურა, ესენი არიან გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ისინი მიიჩნევიან ცხვარიჭამიაში მომხდარი კონფლიქტის ინიციატორებად. როგორც პროკურორმა განმარტა, ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და სარგებლობენ დუმილის უფლებით, სწორედ ამ მოტივით პროკურატურამ უარი უთხრა მათ ადვოკატებს და არ დაეთანხმა მათი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას.

პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ტელეფონიდან გამოძიებამ მოიპოვა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს მკვლელობაში აღნიშნული პირი და მას ხელში უჭირავს დანა.

"ერთ-ერთი ბრალდებულის ტელეფონიდან გამოძიებამ შეძლო რომ მოეპოვებინა ფოტომასალა, სადაც გადაღებულია მკვლელობაში ბრალდებული პირი, მკვლელობის შემდეგ უახლოეს პერიოდში, თუ როგორ იმალება ის მკვლელობის ადგილიდან ძალიან ახლო ტერიტორიაზე, მას ხელში უჭირავს დანა, სავარაუდოდ, აცვია იგივე ტანსაცმელი რითაც ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მასზე აღენიშნება სისხლის კვალიც. თუმცა, ეს ფოტომასალა და სხვა ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულთა ტელეფონიდან იქნა ამოღებული, ექვემდებარება კვლევებს და მათზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნება," - აცხადებს საქმის პროკურორი.

ხორავას და კუჭავას ადვოკატები არ გამორიცხავენ რომ ბრალდებულებმა გამოძიებას ჩვენება უახლოეს პერიოდში მისცენ. ადვოკატი რევაზ ჩხეიძე ამბობს, რომ გიორგი კუჭავა ადასტურებს რომ ფოტოზე გამოსახული პირი დავით ჯიჯეიშვილია, თუმცა მოცემულ მომენტში მან არ იცოდა ჯიჯეიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ.

"ვინ არის ეს პიროვნება, გიორგი კუჭავამ განაცხადა კიდევაც რომ იგი არის დავით ჯიჯეიშვილი და შემთხვევის შემდგომ გადაუღო მას სურათი. დიახ, მისი განმარტებით გადაუღო იმიტომ რომ იგი იყო ძლიერ ნასვამი, იწვა მდელოზე და უნდოდა, რომ ხუმრობით მეორე დღეს ეჩვენებინა მისთვის აღნიშნული სურათი. დანაშაული ახალი მომხდარია, დაახლოებით ნახევარ საათში, მაგრამ გიორგი კუჭავამ არ იცოდა რომ დავით ჯიჯეიშვილს შეიძლებოდა რაიმე დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი. კუჭავა არ ადასტურებს იმას რომ რაიმე საგანი ეჭირა ჯიჯეიშვილს ხელში და სურათზეც ნათლად არ ჩანს თუ რა საგანი უჭირავს," - ამბობს ადვოკატი.

დღის ამბები