თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეს განიხილავენ - საუბარია 74-ე სკოლის მოსწავლეების დაპირისპირებაზე, რომელიც მაისში მოხდა.
3 დღის წინ გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა და საქმეს ახალი მტკიცებულებები დაურთო, მათ შორის არის მოწმეთა ხელახალი ჩვენებები.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ამჯერადაც შეეცდება საქმის გაწელვას და სხდომათა დარბაზში დღეს არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან მოწმეებს დაიბარებს.
"პროკურორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუმცა როგორც აქამდე ხდებოდა ხდება მეორეხარისხოვანი მოწმეების წარმოდგენა და ის მთავარი მოწმეები, ვისაც ინფორმაცია აქვთ და ვისი თავდაპირველი ჩვენების საფუძველზედაც ბრალი აქვს წაყენებული არასრულწლოვანს, ეს მოწმეები სამწუხაროდ დღემდე არ მოიყვანა პროკურორმა. იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც იქნებ მოიყვანოს, რათა მოგვეცეს საშუალება დავუსვათ ჯვარედინი კითხვები," - აცხადებს არასრულწლოვნის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი