დღეს, საქართველოში სასწავლო პროცესი დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წელს სიახლეებით ხვდებიან. მოსწავლეები ისტორიას დამოუკიდებელ საგნად ისწავლიან, ასევე პირველკლასელთა პროგრამას დაემატა ჭადრაკის სავალდებულო გაკვეთილებიც. დაიწყო ახალი პროექტის "სამხედრო საქმის" პილოტირებაც - მასში მაღალმთიანი რეგიონების 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.
ფართოვდება პროექტ "თავდაცვა და უსაფრთხოების" სწავლების მასშტაბებიც. გარდა ამისა, 150-ზე მეტ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს რაგბი ემატება.
"დღეს, დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რომელსაც ჩვენ მნიშვნელოვანი სიახლეებით ვეგებებით. ჩვენი მოსწავლეები საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შეისწავლიან. პირველკლასელთა პროგრამას დავამატეთ ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით წელს ვიწყებთ გრანდიოზული პროექტის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაციას,"-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
სკოლებთან ერთად, ბავშვები საბავშვო ბაღებშიც წავიდნენ. ახალ სასწავლო წელს თბილისი რამდნიმე ახალ ბაღთან ერთად ხვდება. საზეიმო ღონისძიებას საინგილოს ქუჩაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ.