04 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ უკრაინაში იარაღის ხმა არ გაჩუმდება" - ბერლინში დიდი შვიდეულის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა გაიმართა

ბერლინში დიდი შვიდეულის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა გაიმართა. ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა წარმოვადგინო უკრაინის პოზიცია და ვისაუბრო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მსოფლიოს უსაფრთხოებაა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულმა უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ დაგვანახა, რომ მას გარკვეული ხარვეზები აქვს. ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ ძალიან მკაფიო გზავნილები და მიდგომები უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად. მადლობელი ვარ, რომ თქვენთან, პარტნიორებთან დიალოგი ყოველთვის იწყება შეკითხვით, თუ როგორ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, იქნება ეს სამხედრო კუთხით თუ სანქციების მხრივ. ვიმედოვნებთ, რომ დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მკაფიო, სწრაფი და ეფექტური იქნება,“ - ამბობს რუსლან სტეფანჩუკი.

შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისა აგრესიის წინააღმდეგ ზომების გატარება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ უკრაინაში იარაღის ხმა არ გაჩუმდება. 

"დღევანდელი შეხვედრიდან მკაფიო გზავნილი არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ქვეყნის პარლამენტებამდე უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ ჩვენი მიზნების მისაღწევად ერთიანად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავიღალოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ზომების გატარებაში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ უკრაინაში იარაღის ხმა არ გაჩუმდება. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას, ასევე მთავარია სანქციები, სანქციები და სანქციები, რათა რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის შესაბამისი საფასური გადაიხადოს. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. ეს არის უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლა დემოკრატიისთვის,“ - აცხადებს ნენსი პელოსი.

შეხვედრაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ მსოფლიო შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ტანკები შევიდნენ. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერისთვის ერთობლივად მუშაობა აუცილებელია. 

"24 თებერვლიდან ევროპული დემოკრატიის საფუძვლები შეირყა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი ერთიანობა. ჩვენი მოქალაქეებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა არის ის მთავარი მიზანი, რომელმაც მსოფლიო უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე გააერთიანა. მსოფლიო შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ტანკები შევიდნენ. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ უკრაინის მხარდასაჭერად და დღევანდელი შეხვედრაც ამ ძალისხმევის ნაწილია. მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინელ ხალხს იმ თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთი ქვეყნისა და ევროპის დასაცავად იჩენენ,“ - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დღის ამბები