ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსულ მორიგ სისასტიკეს, იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებს.
"ევროკავშირი ღრმად შოკირებულია რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ მასობრივი სამარხის აღმოჩენის გამო, რომელშიც 440-ზე მეტი ცხედარი იყო. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ომი მთელ უკრაინაში სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს. ათასობით მოქალაქე უკვე მოკლულია, კიდევ უფრო მეტი გახდა წამების, შევიწროების, სექსუალური ძალადობის, გატაცების და იძულებით გადასახლების მსხვერპლი. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით," - განაცხადა ბორელმა.