"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან, შესაძლოა პროცესზე დაცვის მხარის მოთხოვნით დაკითხონ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯიდიაის" წარმომადგენელი, რომელიც წინა სხდომაზე მოწმეთა ნუსხაში შევიდა.
რაც შეეხება სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეს, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში ორივე მხარემ გაასაჩივრა, ამ საქმეზე ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და "რუსთავი2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელისუფლების სამოქმედო ველში შესვლისკენ და ხელისუფლების დამარცხებისკენ მოუწოდა.
"ხალხის ინტერესი არის პოლიტიკური საკითხები და 2 მთავარი მაგიური სიტყვა, ეს არის სამშობლო - და ამაში იგულისხმება ევროინტეგრაციაც და ყველაფერი დანარჩენი, და ეს არის დემოკრატია. არასდროს საქართველოში სოციალური საკითხების გამო ხელისუფლება არ შეცვლილა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება.
მიშას მივესალმები, ვღელავ მასზე ძალიან. მოვუწოდებ, რომ იყოს მხნედ და კარგად, ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. კვანძის გახსნა ძალიან მოახლოებულია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სასამართლო პროცესს კამათის გარეშე არ ჩაუვლია. პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პროცესს ბინძური ჭორაობა უწოდა. უგულავა სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.
"ეს არის ბინძური ჭორაობა, სამარცხვინოები ხართ თქვენ," - განაცხადა გიგი უგულავამ.