მოსკოვის გეგმები, უკრაინაში მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასწრაფო რეფერენდუმები ჩაატაროს, დასავლეთმა სასტიკად დაგმო. რეფერენდუმი ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ჩატარდება, რომლის შედეგების მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად გამოცხადდება. ამის შესახებ BBC წერს.
ტერიტორია, სადაც რუსეთი გამოკითხვის ჩატარებას აპირებს, უკრაინის მიწის 15%-ს შეადგენს, შედარებისთვის, იგივე ფართობია, რაც მთელი უნგრეთის ტერიტორია.
აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ისინი მსგავსი რეფერენდუმის შედეგებს არასოდეს აღიარებენ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის გეგმებს სიმულაციური გამოკითხვა უწოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი რეფერენდუმი დემოკრატიის პაროდიად შეაფასა.
"დონბასის რეფერენდუმის იდეა ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა," - განაცხადა მაკრონმა ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ამერიკა არასოდეს ცნობს რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ზელენსკიმ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რატომ არ გამოჩნდა პუტინი
გუშინ, მთელი საღამოს განმავლობაში რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო მიმართვას ელოდა, რომელიც წინასწარ დაანონსდა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ კი საერთოდ გაუქმდა. სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა, რომ შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს, რამაც, როგორც ჩანს, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, "გუგლში" ყველაზე ხშირად ჩაწერილი კითხვები იყო "როგორ გავთავისუფლდეთ ჯარიდან", "როგორ დავტოვოთ რუსეთი", "როგორ დავტოვოთ რუსეთი ვიზის გარეშე".
როგორც "ფორბსი" წერს, პუტინის ჩაწერილი მიმართვა დღეს, მოსკოვის დროით, 9-დან 10 საათამდე გავრცელდება, თუმცა ოფიციალურ ინფორმაციას კრემლი, ჯერჯერობით, არ ავრცელებს.