სასამართლო სხდომა გაიმართა რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით. მეორე ინსტანციამ აპელანტი მხარის, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პოზიცია მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თვლიან ისინი, რომ ტელეკომპანიის 60-%-იანი წილი ეკუთვნით, რასაც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არასაკმარისად აფასებს და ამბობს, რომ შემდეგ პროცესზე მოიყვანს კონკრეტულ არგუმენტებს საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად.
მომდევნო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სხდომის შემდეგ მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება უნდა გაბედოს.
"მთავარი პრინციპი, რაზეც სასამართლო დგას, ეს არის შეჯიბრობითობის პრინციპი. ამ საქმეში სწორი გადაწყვეტილების მიღება მარტივია, მთავარია, სასამართლომ ეს გაბედოს,"- აცხადებს კოჟორიძე.
”რუსთავი 2-ის" დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ სასამართლოზე უამრავი ბრალდება იყო ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით.
"ბევრის წერა არ ნიშნავს სიმართლის წერას, შეიძლება 1 გვერდზეც იყო პასუხი და 2-ზეც. უამრავი ბრალდება გაისმა ბატონი დვალისგან, თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადის ქიბარ ხალვაში, რასაც აუცილებლად გავცემთ პასუხს.
საუბარი იქნება იმაზე, თუ რამდენად შეიძლება სცოდნოდა ქიბარ ხალვაშს, რომ მათზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. ამაზე ყველაფერზე ჩვენ დეტალურად გვექნება საუბარი,"- აცხადებს პაატა სალია.