24 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
სამეგრელოში ზარალის დათვლა დაიწყო - ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

სამეგრელოში ზარალის დათვლა დაიწყო - ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და ჩახერგა გზა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

სტიქიის შედეგად სამეგრელოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა არის დაზიანებულია. განსაკუთრებული ვითარებაა წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში.

"კურიერი" იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ წუხელ შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა ისე, რომ მოძრაობა პარალიზებულია. ადგილობრივებს საკუთარ სახლებთან მისვლა უჭირთ. სრულად დაზიანებულია საავტომობილო ხიდი, რომელიც სოფლის რამდენიმე უბანს ერთმანეთთან აკავშირებს და სამანქანო გზაც სრულად პარალიზებულია.

"არ არის უბანი დარჩენილი, სადაც არ არის დაზიანებული გზა, ან გაყვანილობა, დატბორილია სახლები. ქალაღანი არის უბანი და საერთოდ გზა არ არის დარჩენილი," – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფლებში განადგურებულია შიდა საუბნო გზები, დაზიანებულია ხიდები, წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლებიც. ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შინაური ფრინველი დაეხოცათ.

"11 ოქტომბრის ძლიერმა წვიმებმა ღელეების და მდინარეები ადიდება გამოიწვია. ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე სოფელში სავარგულები, საცხოვრებელ სახლებში და კორპუსების პირველ სართულებზე თითქმის ყველგან წყალია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. კომისია შექმნილია და ზარალის ოდენობას ვითვლით. ახლანდელი მონაცემებით 150-მდე ოჯახში არის წყალი შესული," - განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ.

დღის ამბები