19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
სამეგრელოს და გურიის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფელ ფახულანში ჭალესთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ადგილზე ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილება აკრძალულია. სტიქიის შედეგად დაზიანებულია შიდა-საუბნო გზები, დაიტბორა სახლების ეზოები და სახნავ-სათესი მიწები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეწყვეტილია. ადგილობრივები ზარალს ითვლიან.

ძლიერმა წვიმამ დააზარალა ხობის მუნიციპალიტეტიც. გადაუდებელი წვიმების შედეგად, მდინარე ხობისწყალი ადიდდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველი სართულები. წყლის ნაკადის გამო სრულად პარალიზებულია მოძრაობა ქარიატა-ყულევის საავტომობილო გზაზე. სტიქიამ აქ 150-მდე ოჯახი დააზარალა.

სტიქიის შედეგებს ებრძვიან სენაკშიც. ადიდებულმა მდინარე ტეხურამ ქუვაითი-ლეძაძამეს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო, შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია რამდენიმე ოჯახი. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამეგრელოსთან ერთად სტიქიამ ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა გურიაშიც. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ შიდა-სასოფლო გზები, ნაპირსამაგრი ნაგებობები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ადგილობრივების პრობლემებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი სწავლობს.

სამეგრელოსა და გურიის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პარალელურად უკვე დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების აღდგენის სამუშაოები.

დღის ამბები