20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
მეღვინეობა, გასტრონომია და კულინარიული მასტერკლასები - კულინარიული დიპლომატია, ქუთაისი კვირეულს მასპინძლობს

მეღვინეობა, გასტრონომია და კულინარიული მასტერკლასები - შეფ მზარეულებთან ერთად მომზადებული იმერული მჭადი ნეშოს ფოთლებით - ქუთაისი კვირეულს მასპინძლობს. მიმზიდველი გარემო: ხილით, ჩურჩხელითა და თაფლით გაწყობილი აგრო სახლი სტუმრებსა და ადგილობრივებს ღონისძიების ფარგლებში საზეიმო განწყობას შეუქმნის.

კეცზე ნეშოს ფოთლებით მჭადის მომზადება იმერული ტრადიციაა, რომელსაც "იმერეთის სურნელს" უწოდებენ. კულინარიული დიპლომატიის პირველი დღეც იმერულ სამზარეულოს დაეთმო და ამერიკელმა მცხობელმა ნეიტან ზინდერმა მჭადის გამოცხობაში საკუთარი ძალები მოსინჯა.

იმერეთის შუაგულში ოჯახის ტრადიცია მეღვინეებმა ბაიამ და გვანცამ განაგრძეს და კვირეულის ფარგლებში სტუმრებსაც უმასპინძლეს. ვენახები, საუბრები ღვინოზე და დეგუსტაცია. ციცქა, კრახუნა, ციცქა-ცოლიკოური, "ბაიას მარანში" ღვინის არომატი ტრიალებს.

ბაღდათიდან თბილისში ხაჭაპურის გემო დაგვაბრუნებს - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ხაჭაპური საქართველოს ტრადიციაა. ქართული კულინარიის გაცნობა უცხოელი შეფებისთვის კი ღონისძიების მთავარი მიზანია, შესაბამისად ფესტივალის მეორე დღე ხაჭაპურის მასტერკლასს დაეთმო.

ფესტივალი წელს პირველად იმართება და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის მეღვინეებისა თუ კულინარიის ექსპერტებისთვის პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც მათ თანამშრომლობას გაუადვილებს.

კულინარიული კვირეული ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მომავალი წლიდან ყოველწლიურ სახეს მიიღებს. მისი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა, კერძების დაგემოვნება და ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის გაცნობაა.

დღის ამბები