ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ 13 წლის ლაზარე ლობჟანიძეს დღეს, სავარაუდოდ სახლში გაწერენ. მდგომარეობა გუშინ დასტაბილურდა, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით, მაინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობდა მკურნალობას. მედიკოსის განცხადებით, დღეს დინამიკა დადებითია. მდგომარეობა დამატებითი კვლევებითაც შეფასდება.
"ლაზარეს მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ წუთისთვის, გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ. სავარაუდოდ, არ იქნება ინტენსიურ თერაპიაში მისი გაჩერება საჭირო და მისი მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. დღეს, დღის განმავლობაში ალბათ, სახლში გავუშვებთ," - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცაბაძემ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი. შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.