ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან კავშირში მყოფი პირების აღმკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს.
პროკურატურა ცხრავე დაკავებულის მიმართ წინასწარ პატიმრობას ითხოვს. საკუთარ პოზიციას ბრალდებულები, სავარაუდოდ, სასამართლო სხდომაზე დააფიქსირებენ, მანამდე კი ადვოკატები საქმის მასალებს უნდა გაეცნონ. სამსახურებრივი გულგრილობა, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - ასეთია წარდგენილი ბრალდება, რომელმაც დაკავებულები არ აღიარებენ.
გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება "გრინსევის +"-ის წარმომადგენელს, ლაშა ფურცხვანიძეს, მისი უფლებადამცველი განმარტავს, რომ მის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს.
"მე ვერ ვხვდები რატომ უნდა მოითხოვოს დაპატიმრება პროკურატურამ. ვნახოთ, ჯერ გავეცნოთ საქმის მასალებს, გავეცნობით შუამდგომლობას და იმის შესაბამისად გვექნება სამართლიანი პოზიცია წარდგენილი სასამართლოსთვის," - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.