30 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს 

სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დასაშვებად იქნა ცნობილი, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გოგაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ადვოკატი მისი 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული სოსო გოგაშვილი არ ესწრებოდა.

"ბრალდების მხარემ, ასევე სასამართლომ პრაქტიკულად თქვა, რომ იოსებ გოგაშვილის ცემა განხორციელდა კანონის სრული დაცვით, იარაღების ჩადება და სხვა უკანონო ინფორმაციის ჩადება განხორციელდა კანონის სრული დაცვით. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება სასამართლომ მიიღო როგორც დასაშვები მტკიცებულება და არსებითი განხილვის დროს, ჩვენ შევეცდებით ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების მეშვეობით დავამტკიცოთ იოსებ გოგაშვილის უდანაშაულობა,“ - აცხადებს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

"მას დაუმძიმდა ბრალდება და ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება და ასევე პირადი საიდუმლოს ხელყოფა. ეს ორი მუხლი დაემატა მას იმ ბრალდებებთან ერთად, რომელიც მას უკვე წარდგენილი ჰქონდა და რომელთა შესახებ თქვენთვის ინფორმაცია პროკურატურამ მოაწოდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, როგორც გითხარით, განხილული იქნება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი,“ - აცხადებს პროკურორი, მაია სილაგაძე.

დღის ამბები