15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს სასამართლოს საქმეა და არ შეგვიძლია ვუკარნახოთ მას პირობები - მიხეილ სარჯველაძე

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია და მის გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ მოტივებთან კავშირი არ აქვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს მხოლოდ სასამართლოს საქმეა.  

"რა სასჯელს შეარჩევს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს სასამართლოს საქმეა და აქ არ შეგვიძლია ჩვენ ვუკარნახოთ პირობები სასამართლოს. რაც შეეხება მსჯავრდების საფუძვლიანობას თუ უსაფუძვლობას, შერჩეული სასჯელის ადეკვატურობას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც კანონგარეშეა, რაც უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ოპონენტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, რომ თითქოს და პოლიტიკურად მოტივირებული და სხვა ტიპის მანკიერ მოვლენებთან გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ, რომ საფუძველი და დასაყრდენი რეალურად არ გააჩნია. ისინი უბრალოდ საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის კეთილსინდისიერი მსჯავრდება, მაგრამ რეალურად ამის არგუმენტაცია ობიექტურად არ გააჩნიათ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

"სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და სამართლებრივი გადაწყვეტილება ჯდება კანონის ფარგლებში. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და იმ რეალობის ჩვენება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები