30 აგვისტო 2026,   00:18
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ჩასატარებლად ისლანდიაში ერთი დღით გვიან ჩავა - რა გახდა დაგვიანების მიზეზი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ისლანდიასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ადგილზე ერთდღიანი დაგვიანებით ჩავა. 

ინფორმაციას გამოცემა europop.ge ავრცელებს. 

Lufthansa-ს ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში გამთენიისას უნდა გაჰყოლოდენ, აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემების გამო მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა და ნაკრების თბილისიდან გერმანიაში გამგზავრებაც გადაიდო.

საბოლოოდ, ქართველი კალათბურთელები მიუნხენისკენ 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამოც მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაუსწრეს. ნაკრები შემდეგ ფრანკფურტში ჩავიდა, საიდანაც გუნდმა ისლანდიის ქალაქ კეფლავიკში გაფრენა მხოლოდ დღეს შეძლო, კეფლავიკიდან რეიკიავიკში კი ვტობუსით ჩავლენ.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით იქნება, სადაც უკვე იმყოფებიან გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ასევე გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია. ისინი ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი ანატოლი ბოისა.

გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში მილანის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ისლანდიას 11 ნოემბერს ეთამაშებიან, 14 ნოემბერს კი, თბილისში, იტალიის ნაკრებთან მატჩია დაგეგმილი. 

დღის ამბები