დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის მიკაილ კადიევის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით "ევროპულ საქართველოში" ბრიფინგი გაიმართა. საქმე ეხება ახალგამოვლენილ გარემოებას, კერძოდ სამედიცინო დასკვნას, რომელიც ცენტრმა "ემპათიამ" მოამზადა და რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რუსეთში მისი ექსტრადირება მკვლელობის ტოლფასი იქნება.
პროცესზე უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა განხილვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ამ დასკვნას.
"ამ შემთხვევაში, სადაც არის მინიმუმ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ადამიანი სწორედ იმის გამო, რომ ეწეოდა აქტივისტურ სამართალდამცავ საქმიანობას, არის დევნილი პუტინის რეჟიმის მხრიდან და აქვს საფრთხე მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მაინც არის საფრთხე, რომ მისი გადაცემა მოხდება რუსეთის ფედერაციისთვის. ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ აუცილებლად ჩვენი კონსტიტუციის დაცვის და ჩვენი ღირსების დაცვის საკითხად, რომ ასე ვერ მოხდეს და ამის შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.
დაღესტნელი აქტივისტის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ სამ საათზე გაიმართება.
"კარგად ვიცით, რომ რუსეთის სათავეში კრიმინალური რეჟიმია პუტინის მეთაურობით. მარტივ მაგალითს გეტყვით: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ მაინც და მაინც რუსეთთან არ შეგიძლიათ ამის დამტკიცება. როგორ უნდა დავუმტკიცო მე მათ ჩემი სიმართლე, სიმართლის დამტკიცება სურდა მაგნიცკის და ნავალნისაც, მაგრამ ერთი მოკლეს, მეორე კი ციხეშია. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ჩემი იქ ჩასვლა ჩემი სიკვდილის ტოლფასია," - განაცხადა მიკაელ კადიევმა.