დედოფლისწყაროს საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას 1 წევრი, სოსო გოგაშვილის სახალხო პარტიიდან უერთდება. "ქართული ოცნებისთვის" ეს მხოლოდ მუნიციპალური კოლაბორაცია არ არის. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების გადაწყვეტილება, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის პარტნიორობის ღია მტკიცებულებაა.
გადაწყვეტილება რომ ერთ დღეში არ მიუღიათ, ამას ადასტურებს სახალხო პარტიის წარმომადგენელიც, თუმცა უარყოფს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება სოსო გოგაშვილის ფაქტორმა განაპირობა. შალვა ბატიაშვილი გაფართოებული ფრაქციის თავმჯდომარის მეორე მოადგილე იქნება. ის ამბობს, რომ კოლეგებთან მხოლოდ მუნიციპალურ საკითხებზე ითანამშრომლებს.
მთავარი ოპოზიციური ძალა გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებით ხსნის. მათ ფრაქციას უკვე "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" ერქმევა, თუმცა პარტიაში განმარტავენ, რომ ეს არ ნიშნავს გაერთიანებას უშუალოდ პატიმრობაში მყოფ გოგაშვილთან. სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წევრებიდან ზოგი პირადად იცნობს, ზოგიც არა. მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხედვები აქვთ.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეცვლილი კონფიგურაცია არაფერს ცვლის. "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახალი ტანდემით მათი ოპონენტების ძველი მიზნები გამოაშკარავდა.
დედოფლისწყაროს 30 წევრიან საკრებულოში, უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. 5 წევრი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", 1 კი სახალხო პარტიას, სადაც სოსო გოგაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა.