27 ივლისი 2024,   04:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს - რა გეგმები აქვთ ენმ-ში

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან მისი მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ისინი პროცესის დასრულებას ელოდებიან.

ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ, "ნაცმოძრაობა" ვერ დარჩება ინერტულად და მიიღებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. 

"დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ვერდიქტი. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაწელვა ხდება მოვლენების ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დარჩება ინერტული და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საპროტესტო ფორმებთან დაკავშირებით,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის შიგნით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მოსაზრებები განსხვავდება. მაგალითად, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის თქმით, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად საჭიროა კომპლექსური მოქმედებები, როგორც საზოგადოების, ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან. 

"არ ვთვლი, რომ მე ან პარტიის რომელიმე წევრი ინერტულია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ არამხოლოდ პარტიის წარმომადგენლებისგან, არამედ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოების თითოეული წევრისგან, ვისაც ოდნავი ემპათია მაინც გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ვინც პოპულისტურად რაიმე სახის, კონკრეტულ კალენდარულ გეგმაზე საუბრობს, ვინც არ უნდა იყოს მე იმას არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და პროტესტი ყველგან,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

რაც შეეხება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრს, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეს მოსამართლე განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში მის მოთხოვნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე სასამართლო არ დააკმაყოფილებს. 

"თუ სამართლებრივად მიჰყვება მოსამართლე არაფერი გასაწელი ამ პროცესებს არ აქვს. ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნეს გადაყვანილი იმ ქვეყანაში სადაც მას უმკურნალებენ და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჩვეული ვართ, ცხადია ისინი არ გაუშვებენ პუტინის პირად პატიმარს, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, განსაკუთრებით ზელენსკის მოწოდების შემდეგ,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები