"უმძიმესი სიტუაციაა, მაგრამ ცოცხლები ვართ, ბოლო 24 საათი გადამწყვეტი იქნება"- ეს სოლედარში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცის სიტყვებია, რომელთანაც დაკავშირება ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა შეძლო. ქალაქი ჯერ კიდევ დგას, თუმცა ის შესაძლოა მალე საოკუპაციო ძალების ხელში გადავიდეს, რადგან მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მასზე ასზე მეტი შეტევა განხორციელდა.
კიევს, იმის გამო, რომ რუსული არმია კავშირს ახშობს, სოლედარის სხვადასხვა რაიონებში გაფანტულ დანაყოფებთან კავშირი თითქმის არ აქვს, ქალაქში დარჩენილი 500-მდე ადამიანის ევაკუაცია კი ვერ ხერხდება. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტ ავდეევკაში, რომელიც განუწყვეტლივ იბომბება.
ღამით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას კი 6 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, სარდაფში მყოფ არასრულწლოვანს შიშისგან გული გაუსკდა.
უმძიმესი მდგომარეობაა ლუგანსკის ოლქშიც. კიევი ამბობს, რომ დასახლებული პუნქტი ბელგოროვკა ფიზიკურად არ არსებობს, სხვა ქალაქებში კი ბრძოლები მიმდინარეობს. ზამთრის ომი ფრონტის ხაზზე მდებარე უკრაინული ქალაქებისთვის კოშმარად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ შეტევებისას ასობით რუსი სამხედრო იღუპება, მოსკოვი უკან არ იხევს.
უკრაინა ისევ ელოდება თავდასხმას ბელარუსიდან, სადაც დღეს რუსეთის სახმელეთო ჯარის სარდალი მოულოდნელად ჩავიდა და იქ განლაგებული რუსული დანაყოფების მზადყოფნა შეამოწმა. უკრაინა ჯარების გადაჯგუფებას იწყებს, მანამდე კი ორ კვირაში გერმანიის სამხედრო ბაზა რამშტეინზე დაგეგმილ მორიგ შეხვედრას ელოდება რომელზეც ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს.