27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
ვახტანგ კიკაბიძეს ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად... აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ ბუბა კიკაბიძეს ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან მაყურებლამდე სიყვარული ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა მათში წარუშლელად დარჩენილიყო.

"დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა," - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

დღის ამბები