საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარმოადგინა.
სალომე ზურაბიშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს შეუერთდეს მემორანდუმს, დაეთანხმოს მის პირობებს და, არჩევნებზე წარმატების შემთხვევაში, მემორანდუმში დათქმული პირობების შესაბამისად წარიმართოს პოლიტიკური პროცესი.
აღნიშნული მემორანდუმი რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს. პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის გამარჯვების შემთხვევაში, ვინც ქარტიას მოაწერს ხელს, გაუქმდება კანონი "გამჭვირვალობის შესახებ", ასევე "ოფშორების კანონი".
სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ ქარტიის მიხედვით, ყველა იმ ადამიანის ამნისტია მოხდება, რომელიც მაისისა და აპრილის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციებზე დააკავეს.
ამავდროულად, თუ მოიგებს ოპოზიციური ფლანგი, ზურაბიშვილის თქმით, უნდა მოხდეს რეფორმირება სასამართლოში და ძალოვან სტრუქტურებში.
ქარტიის თანახმად, ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ მოხერხდება მათი წარმატება. ზურაბიშვილის თქმით, ერთწლიანი ტექნიკური მთავრობის შემდეგ, პირობა უნდა დადოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომ ჩატარდება ახალი რიგგარეშე არჩევნები და სწორედ იქ გაირკვევა, ვის ექნება ქვეყნის მართვის პოლიტიკური პრიორიტეტი.
"გადავწყვიტე, თქვენ წინაშე და ამ დღეს, წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ქარტიაზე ხელმოწერას ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა მასში ასახული ვალდებულების შესრულება იკისროს, მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისათვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, ერთობა, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით, აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს ", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.