17 ივნისი 2024,   15:59
ვრცლად
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველა რეგიონში საზეიმოდ აღინიშნა

სახელმწიფო ჰიმნი – საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად გაჟღერდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველა რეგიონში საზეიმოდ აღინიშნა.

ქუთაისელებმა 26 მაისი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იზეიმეს. განსაკუთრებული სივრცე დაეთმო სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენას.

მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა იყო ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში ადგილობრივები "ანბანის კოშკის" მიმდებარედ შეიკრიბნენ. ტრადიცია არც აქ დაირღვა და აქაც გამოიფინა სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები.

ისტორიულ თარიღს აღნიშნავენ ზუგდიდელებიც. სამხედრო შეიარაღების, აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა ქალაქის მთავარ გამზირზე გაიმართა.

საქართველოს სხვა რეგიონებს, სხვადასხვა ღონისძიების აღნიშვნით, შეუერთდა გურიაც. გაიმართა დოღი და სხვა სპორტული შეჯიბრები.

ზეიმობს სამცხე–ჯავახეთიც. ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

დამოუკიდებლობის სკვერში იზეიმეს 26 მაისი რუსთავში. აქაც გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და აქაც მოეწყო კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.

მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა იყო შექმნილი კახეთშიც. საზეიმო ღონისძიებები - თელავში ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106 წელი გავიდა. ქართველმა ხალხმა კი, დღევანდელი დღე ყველა რეგიონში განსაკუთრებულად იზეიმა.

დღის ამბები