18 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
საგარეჯოში დაჭრილ 2 ადამიანს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება - როგორია დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 5 ადამიანიდან ერთ-ერთის, გიორგი კიკნაძის მდგომარეობა უმძიმესია. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები მუცლის ღრუსა და კიდურებზე აქვს მიყენებული. უკვე რამდენიმე საათია საგარეჯოს კლინიკაში მას ოპერაცია უტარდება.

თვითმხილველები კი იხსენებენ, რომ სროლა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. მათივე თქმით, ადგილზე მყოფმა პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლე ერთ-ერთი მოქალაქის გადასარჩენად გაწირა და სროლისას მას გადაეფარა.

4 დაჭრილი საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული. ერთი კი, ახალგაზრდა ქალი გადაყვანილია თბილისში, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. რაც შეეხება იმ დაშავებულებს, რომლებიც რამდენიმე საათია საგარეჯოს საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათგან ორს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ორის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

3 დაჭრილის მდგომარეობა, ექიმის თქმით, სტაბილურად მძიმეა და მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

"მოყვანილია კლინიკაში 6 ავადმყოფი, მათ შორის 1 არის გარდაცვლილი. 5 ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი პაციენტი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. 3 პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან ამ ეტაპისთვის. აღინიშნება მრავლობითი, ცეცხლნასროლი ნაკვეთი ჭრილობები. ერთ პაციენტს აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის 4 აგრძელებს მკურნალობას, 2 პაციენტის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, 2 კი ახლა მიმდინარეობს," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმი.

დღის ამბები