18 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
"ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა" - თავდამსხმელის ახლობელი

საგარეჯოში სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს - მათ შორის არის თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს, ადგილზე მისულ ექიმებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

სულ დაღუპულია 6 ადამიანი, დაჭრილია 5. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარალელურად, იკითხებიან თვითმხილველები. გამოკითხვაზეა თავდამსხმელის 20 წლის შვილიც, რომელმაც ბინა სროლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

ბოლო 1 საათის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე ხალხმრავლობაა. შეკრებილები არიან დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.

ირკვევა, რომ თავდამსხმელი სოფელ მანავიდან იყო, სადაც მისი საცხოვრებელი სახლი 5 წლის წინ გაყიდა და საგარეჯოში გადავიდა. მანავიდან ჩამოსული მისი ახლობლები "კურიერთან" ამბობენ, რომ ის ყოველთვის კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ფაქტობრივად მათ არასდროს ეკონტაქტებოდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები მეზობლების გადარჩენას ცდილობდნენ და  დაჭრილებს ეფარებოდნენ, თუმცა თავდამსხმელი პერიოდულად ხსნიდა ცეცხლს და არ აძლევდა მოქალაქეებს ადამიანების გადარჩენის საშუალებას. მოტივთან დაკავშირებით მათ საუბარი უჭირთ.

"ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა," - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

მამაკაცმა ერთმანეთის გადარჩენის პროცესში გაიმეტა 10 ადამიანი, მათგან 5 გარდაიცვალა. დაჭრილებს შორის ერთი ქალია. ერთ დაჭრილს კი ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება.

დღის ამბები