18 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
"ბევრი ხალხი იყო, ალბათ 10-მდე ადამიანი მორბოდა, ყვიროდა, იძახდნენ დაწექითო ან დაიმალეთო" - რას ყვება საგარეჯოს ტრაგედიისას დაჭრილი მამაკაცი "კურიერთან"

საგარეჯოში, ტერიტორია, სადაც საზარელი თავდასხმა მოხდა, ახლაც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული - ადგილობრივები შოკურ მდგომარეობაში არიან, მათ უჭირთ მძიმე ღამის შედეგებსა და მომხდარის დეტალებზე საუბარი. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ყვებიან, რომ მამაკაცი ესროდა ყველას, ვინც მის თვალთახედვის არეალში ექცეოდა.

ის ორივე აივანს იყენებდა. ერთი საათის განმავლობაში მოვლენები ასე ვითარდებოდა - მამაკაცი აივნიდან ხსნიდა ცეცხლს, შემდგომ იყო გარკვეული პაუზა, ხოლო როცა ვინმე ცდილობდა დაშავებულს დახმარებოდა, ის ისევ აგრძელებდა სროლას.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამბავი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ჰყავს არაერთი თვითმხილველიც და მონაწილეც. დასახლებულ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით 4 კორპუსია განლაგებული და ყველა ადგილობრივი მცხოვრები ისმენდა და უყურებდა ამ დროის მანძილზე როგორ ვითარდებოდა მოვლენები. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, თავდამსხმელს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ჰქონდა მომარაგებული იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი მჭიდი დაცალა. 

რაც მთავარია, ადგილზე ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართული ცეცხლი. ათუაშვილი დამიზნებით ესროდა ადამიანებს. როგორც ცნობილია, თავდაპირველად მსხვერპლი იყო ახალგაზრდებში, რომლებიც კორპუსის მახლობლად იმყოფებოდნენ. შემდეგ უკვე ეტაპობრივად, ადამიანები ცდილობდნენ მათ დახმარებას, მიახლოებას, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობის დროს სროლა სრულდებოდა მსხვერპლით ან დამატებით დაჭრილების რაოდენობის ზრდით.

საჭირო გახდა სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება, რასაც კიდევ დამატებითი დრო დასჭირდა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს და ვერსიებს, ადგილობრივებს ამაზე საუბარი უჭირთ.

"ხალხი გამოვარდა გარეთ სახლებიდან და მაშინ გამოვიხედე. უკვე მოკლული ჰყავდა 2 თუ 3 ადამიანი. იმის შემდეგ კიდევ ერთი, ეს მე თვითონ დავინახე, მისაშველებლად მიდიოდა და იმასაც ესროლა და მოკლა. პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ახალი დაწყებული იყო. ტრასაზე დადიან ეგენი მუდმივად და პირველივე გასროლაზე შემოიარა ეტყობა," – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივების განცხადებით, ათუაშვილს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა.

"ჩათვალე, რომ 1 წელი ნაცხოვრებ კაცს 1 თვე იცნობ, საერთოდ გამარჯობა არ უთქვამს კაცს და რა ვიცი. სნაიპერი იყოო ეგრე გავიგე მე, რა ვიცი, ყოფილი სპეცსამსახურიდან. პენსიაში იყო გასული თუ რა იყო არ ვიცი," – განაცხადა ადგილობრივმა.

5 ადამიანის მკვლელობის გარდა, ათუაშილმა დაჭრა კიდევ 5 ადამიანი. ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ "კურიერი" ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა. ვალერი მათიაშვილი "ჯეო ჰოსპიტალსში" მკურნალობს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ ათუაშვილმა პოლიციელსაც დამიზნებით ესროლა და სწორედ ამ ეპიზოდში მიიღო დაზიანება კიდევ ერთმა ადამიანმა.

თავად მათიაშვილმა კი ჭრილობის არსებობა მას შემდეგ აღმოაჩინა, როდესაც შემთხვევის ადგილს ოდნავ გასცდა და თავის დაღწევა მოახერხა, რომ თავადაც არ გამხდარიყო მსხვერპლი. ვალერი მათიაშვილი იმ ემოციების შესახებ ყვება, რაც იქ მცხოვრებმა ადამიანებმა განიცადეს.

"მაღაზიაში შევედი, სიგარეტი ვიყიდე და გამოვედი. როგორც კი გამოვედი გარეთ დამხვდა ის ამბავი, რომ ბევრი ხალხი იყო, ალბათ 10-მდე ადამიანი მორბოდა, ყვიროდა. იძახდნენ, რომ დაწექითო ან დაიმალეთო. პირველი, რაც გავაკეთე, თავშესაფრის მოძებნა დავიწყე და შევედი შიგნით ჩემი თანამშრომლის გადასარჩენად, რომ ის გამეყვანა უსაფრთხო ადგილას. შევედი თუ არა კარებში ხმა გავიგე და წვაც მაშინვე ვიგრძენი ტყვიის მოხვედრის.

ჩემი თანამშრომლის კივილი იყო "ვაიმე თვალიო" და მაგ მომენტში ავდექი, მოვკიდე ხელი, გავედით გარეთ, უსაფრთხო ადგილას გადავედით, სადაც ვიყავით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ მოვახერხებდით ჩვენი ძალებით ევაკუაციას, იმიტომ, რომ იქ სასწრაფოს მოსვლა შეუძლებელი იყო, ვინც მოდიოდა - პოლიცია მოვიდა და ესროლა.. უმართავი იყო სიტუაცია, შეუძლებელი იყო იქ ვინმეს ჩარევა გარედან. დამიზნებით ისროდა, იმიტომ, რომ პოლიციელიც ადგილზევე დაიღუპა, ალბათ წინასწარ იცოდა, სადაც უნდა ესროლა," - განაცხადა დაჭრილმა ვალერი მათიაშვილმა.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. 

სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები