თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ადმინისტრაციულ დავაზე მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.
"ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო არსებითად განსაზღვრავს, ტელეკომპანია ფორმულა შეძლებს თუ არა მაუწყებლობის გაგრძელებას და საქმიანობას საქართველოში. ჩვენი ინტერესი სასამართლოზე არის ის, რომ მოსამართლეები სიღრმისეულ გამოკვლევაში შევიდნენ არსებული საქმის და არ იხელმძღვანელონ იმ ზედაპირული განმარტებებით, რომელიც მოცემული გვაქვს უზენაესის სასამართლოს მიერ მიღებულ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენში. მთავარი პრობლემა, რაც ამ საქმეში შეიძლება არსებულიყო, ეს იყო მიღება-ჩაბარების აქტის არ არსებობა შესრულებული სამუშაოს შესახებ,“ - აცხადებს ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, შარშან გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია და დავით კეზერაშვილს ხუთი მილიონი ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება კერძოდ წვრთნები- არ მიუღია.