ტანკი, საბრძოლო თვითმფრინავი და სხვა მძიმე ტექნიკა - ოზურგეთის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრებმა დრო ითხოვეს და საბრძოლო ტექნიკა - ტანკები, თვითმფრინავები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გადასცეს.
თან დაუბარეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არც იფიქრონ და საომარი ტექნიკაც შიდაპარტიული ბრძოლისთვის გამოიყენონ.
სათამაშოები კოლეგებს გამოართვეს, თუმცა ოპონენტებს უთხრეს, რომ თამაშისთვის არ სცალიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველი გუნდის დეპუტატებს საკრებულოს ტრიბუნიდან ომში მყოფი ქვეყნის დახმარებისკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის რეპლიკების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. დეპუტატებს შორის კამათი, მოგვიანებით ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისმოდა ურთიერთბრალდებები. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დავით მჟავანაძეს საკრებულოს სხდომა იძულების წესით დაატოვებინეს.
საკრებულოში დეპუტატები დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებული, მათ შორის ხელფასების მატების საკითხზე შეიკრიბნენ. მერისა და საკრებულოს პროფესიულ, საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პრცენტით უნდა გაეზარდოთ, ეს გახდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი. მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპონენტებს პოლიტიკური წარსული გაუხსენეს.
დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა დატოვა, მმართველმა პარტიამ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.