23 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
ვინ არის ქალი, რომელიც თავს "გეპეის" დეკანად ასაღებდა - პროკურატურა დაზარალებულებს ეძებს

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 48 წლის ქალი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლია ვაჩაძე აბიტურიენტების ოჯახებს ატყუებდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო და შეეძლო, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. ის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინით უზრუნველყოფასაც ჰპირდებოდა.

საქმეში პროკურატურა მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ვინაობით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ არავინ მუშაობდა. "კურიერთან" საუბრისას დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინგაკვეთილებსაც უტარებდა.

თავად ბრალდებულს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ გამოძიების მასალებში საუბარია, დაახლოებით, 120 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. სავარაუდო დანაშაული 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თვითმარქვია დეკანის წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე 10 საჩივარი დევს, თუმცა გამოძიება დაზარალებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

თაღლითობაში ბრალდებული ახლა პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში, მინიმუმ, ექვსი წლის გატარება მოუწევს.

დღის ამბები