25 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტი აღკვეთილია. დამკვეთი შვილიშვილია, ობიექტი ბებია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 წლის მამაკაცი, თბილისში დააკავა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც. დგინდება, რომ დაკავებულს დაქირავებული მკვლელისთვის 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

"საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. 

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის  ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა," - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები