04 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
2 000-ზე მეტი დაღუპული, ასობით დაშავებული და დაკარგული - ძლიერ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთი-სირია - ეს ქვეყნები დღეს კატასტროფის ზონაა. ბატალგაზში გადაღებულ დრამატულ კადრებში ჩანს, რომ ბოლო 16 საათის განმავლობაში ადგილობრივები სიკვდილს მეორედ გაექცნენ. 7 სართულიანი შენობა, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, რამდენიმე წამში ნანგრევებად იქცა.

მალატაიაში კი, მეორე მასშტაბური მიწისძვრის დროს შენობის ნგრევა იმ დროს დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. მაშველების მოსვლამდე, ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა გადარჩენილმა მოქალაქეებმა დაიწყეს.

მთელი დღის განმავლობაში, 2 მასშტაბურ მიწისძვრას 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ადანა, ჰათაი, ოსმანიე,კალისი, გაზიანთეფი, სანლიურფა, ადიამანი, ელაზიღი, მალატაია, კაჰრამანმარასი, დიარბაქირი - ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც მიწისძვრის ბიძგები ყველაზე მეტად იგრძნობოდა. სტიქია დამანგრეველი აღმოჩნდა იდლიბის, ალეპოს, რაქასა და დამასკოს მცხოვრებლებისთვისაც.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, სირიასა და თურქეთში 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ნანგრევების ქვეშ მაშველები ათასობით ადამიანს ეძებენ. ზოგიერთმა დაზარალებულმა საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილმა აისელ ლიერალმა ფოტო ატვირთა და მაშველებს გადარჩენა სთხოვა.

თურქეთში მომხდარი სტიქია უკვე შეფასდა როგორც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. მეზობელ სირიაში კი მსხვერპლის რიცხვი იმდენად მაღალია რომ, ქვეყნის ჩრდილო დასავლეთი კატასტროფის ზონად გამოაცხადეს. სირიისა და თურქეთის გარდა მიწისძვრა ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო. თურქეთმა დახმარება უკვე არაერთი ქვეყნიდან მიიღო, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან .

დღის ამბები