04 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
ესებუას 4 უმძიმეს ბრალს დღეს კიდევ ერთი დაემატა - ტერორიზმში ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება

ბადრი ესებუა, ბათუმის ციხეში, დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული 35 წლის მამაკაცი, მანამდე ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

ბათუმის ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში, ბადრი ესებუა ადვოკატმა უკვე მოინახულა.ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ესებუა, დანაშაულს არ აღიარებს. რატომ იმალებოდა ის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა? ამ კითხვაზე პასუხს ბრალდებული სავარაუდოდო სასამართლო სხდომაზე თავად გასცემს. პროცესი 20 თებერვალსვე დაინიშნა.

ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილ 4 მძიმე ბრალდებას დღეს კიდევ ერთი დაემატა. პროკურატურამ ტერორიზმისთვის დაკავებულს ბრალი უმძიმდა და გამოძიება ახლა მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისაც ედავება. ოფიციალური ინფორმაციით ნივთმტკიცებები სამართალდამცველებმა, მაშინ იპოვეს როდესაც სპეცოპერაცია ჩაატარეს და ის სახლი გაჩხრიკეს , სადაც ესებუა იმალებოდა. მიმდინარე გამოძიებაზე განმარტება პროკურატურაში გაკეთდა.

წარდგენილი ყველა ბრალდება უსაფუძვლოა ბადრი ესებუას ოჯახისთვის. მამა კამერებთან დეტალებზე არ საუბრობს. ტარიელ ესებუა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

ჯიქიების სახლი ჯიხაშკარში ასშტაბური სპეცოპერაციის ადგილი იყო. ხელბორკილებით ბადრი ესებუა პოლიციის განყოფილებაში სწორედ აქედან გადაიყვანეს.  გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნათესავთან იმალებოდა. ფაქტს ომიანე ჯიქია დღესაც არ ადასტურებს. მამაკაცის მტკიცებით, მან არ იცოდა, რომ მასთან სახლში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი იმალებოდა.

მთავარი მოწმე ომიანე ჯიქია და მისი მეუღლე პოლიციაში გუშინვე გადაიყვანეს. მოხუცი ცოლ-ქმარი სამართალდამცველებმა მოწმის სახით გამოიკითხეს. რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ გამოძიებას, დეტალები უცნობია.

შეიარაღებულმა და შენიღბულმა თავდამსხმელმა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მძევლად 43 პირი აიყვანა. მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიას იყო. დამნაშავის ვინაობა პოლიციამ მალევე დაადგინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 33 წლის ბადრი ესებუა იყო. მძევლების გათავისუფლებისთვის სამართალდამცველები მოლაპარაკებებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა, შენობა კი სამ მოქალაქესთან და პოლიციის მაღალჩინოსანთან ერთად დატოვა. მასთან ერთად მყოფი პირები ავტომობილით სოფელ კირცხში წაიყვანა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

ბადრი ესებუას ბრალი ოფიციალურად 2020 წლის 27 ნოემბერს, დაუსწრებლად წარედგინა. საქმის განხილვები ზუგდიდის სასამართლოში ამ დრომდე ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ყველა წარდგენილ ბრალში ესებუას დამნაშავედ ცნობს, მას 10 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები