06 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
სირიაში ვითარება კრიტიკულია - ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მოხალისეები და ადგილობრივები ცდილობენ

თურქეთი, ადიამანის პროვინცია - მაშველებმა 10 წლის გოგო ნანგრევებიდან 152-საათიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად ამოიყვანეს. მცირეწლოვანის სახლი მიწისძვრამ სრულად დაანგრია, ბავშვი 6 დღე ნანგრევებში იყო მოყოლილი. ახლა ის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

150 საათი ნანგრევებში გაატარა კიდევ ერთმა მცირეწლოვანმა ბავშვმაც. ჰატაის პროვინციაში თურქმა და რუმინელმა მაშველებმა მისი გადარჩენაც მოახერხეს. ახლა კი სასწაულებრივად გადარჩენილის მშობლებს ეძებენ.

მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, თუმცა, ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნაკლებია ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ზოგიერთ სოფელში ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

ვითარება კრიტიკულია სირიაშიც, სადაც მიწისძვრის შედეგად 4500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

სირია მსოფლიოს დახმარებას სთხოვს. ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის "თეთრი ჩაფხუტების" მოხალისეები და ადგილობრივები ცდილობენ.

სირიაში ჩავიდა და მოსახლეობისთვის დახმარება ჩაიტანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

დამანგრეველი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ეპიცენტრი თურქეთში იყო. შედეგებმა 1988 წლის, სპიტაკის მონაცემებს გადააჭარბა. თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 29 ათასს გადააჭარბა.

დღის ამბები