30 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
გახდა თუ არა უხარისხოდ აშენებული კორპუსები თურქეთის ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი მიწისძვრის შემდეგ - მშენებლების, გეოლოგების, დეველოპერული კომპანიების მფლობელების მასობრივი დაკავებები უკვე დაიწყო

გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო. მშენებლები, გეოლოგები, დეველოპერული კომპანიების მფლობელები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები - გამოძიების სამიზნე ათეულობით პირია. მიწისძვრამ ძირითადად ახალაშენებული კორპუსები გაანადგურა. უკვე არსებობს დასკვნები, რომ ამ შენობების უმეტესობა უხარისხოდ, დაბალბიუჯეტიანი სამშენებლო მასალებით აშენდა.

ერთ-ერთი დეველოპერი, ვისაც ხელბორკილები დაადეს იავუზ კარაკუსია. ის "ათათურქის" აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. სამშენებლო კომპანიის მფლობელს ბილეთი სტამბული-თბილისის ავიარეისზე ჰქონდა აღებული. ბიზნესმენი საქართველოში გეგმავდა მიმალვას. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, იავუზ კარაკუსი პასუხისმგებელია ქალაქ ადიამანში ათეულობით შენობის ნგრევაზე.

სტამბოლის აეროპორტში დააკავეს "რენესანს რეზიდენსის" მთავარი კონტრაქტორი მეჰმედ იაშარ ქოშქუნიც. ის ფულით სავსე ჩანთით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ჰატაიში მეჰმედ ქოშქუნის მიერ აშენებული კომპლექსი ახლა ასე გამოიყურება. ნგრევის დროს აქ ასობით ადამიანი დაიღუპა. კადრებში ჩანს, რომ "რენესანს რეზიდენსის" ირგვლივ მდგარი შენობები მიწისძვრის დროს ნგრევას გადაურჩა.

ქვეყნიდან გაქცევის დროს დააკავეს ბიზნესმენი ჰასან ალპარგუნიც. ის იყო მთავარი კონტრაქტორი ჩუქუროვაში მდებარე 16 სართულიანი შენობის, რომელიც მიწისძვრის დროს სრულად განადგურდა. დეველოპერი დაკავების დროს ჟურნალისტებთან მცირე რეპლიკით შემოიფარგლა და თქვა, რომ ის უბრალოდ გაწირეს.

სამშენებლო ექსპერტები თურქეთში შენობების მასობრივი ნგრევის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. არასწორი დაპროექტება, შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები და უხარისხო საშენი მასალები - ამ მიზეზების ერთობლიობამ ასეულობით შენობა და ათასობით ოჯახი გაანადგურა.

თურქეთის პარლამენტმა კანონთან შეუსაბამო მშენებლობებზე ამნისტია ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოაცხადა. განადგურებულ ნაგებობებს შორის არის ის 75 000-ი შენობაც,რომელიც ამნისტიის აქტით სარგებლობდა. სამშენებლო დარგის ექსპერტები ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ მსგავსი ლოიალური დამოკიდებულება ქვეყნისთვის გარდაუვალ ზიანს მოიტანდა.

დღის ამბები