05 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
გოგი წულაიაზე მალე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს - "კურიერი" დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ესაუბრა

გოგი წულაიაზე მალე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. პოლიტიკოსი რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას ევროპაში ემალება, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ წულაიას სექსუალური ძალადობისთვის 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე პოლიტიკოსი თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, თუმცა ამ პერიოდში მან ქვეყნის საზღვრების დატოვება მოახერხა და საფრანგეთში იმყოფება.

"კურიერი" დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლსაც ესაუბრა. ასმათ დვალიშვილი ორი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სააპელაციო სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია. მეორე ინსტანციამ პოლიტიკოს გოგი წულაიას სქესობრივი დანაშაულისთვის 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქალი ამბობს, რომ ბრალდებულის დაპატიმრება მისი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა დაზარალებულისთვის სიმართლის დადგენა მნიშვნელოვანი განაცხადია.

საქმის ამსახველი კადრები თავად დაზარალებულმა გადაიღო. ასმათ დვალიშვილი ამბობს რომ უნდოდა ჩანაწერი თავად გოგი წულაიასთვის ეჩვენებინა, თუმცა ზეწოლის გაგრძელების გამო, იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა.

2021 წლის ივლისში, საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პოლიტიკოსი ახლა საფრანგეთში იმყოფება და თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. მეორე ინსტანციამ მის მიმართ 4 წლიანი პატიმრობის განაჩენიც დაუსწრებლად გამოიტანა. ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ გეგმავს პროკურატურა. ბრალდების მხარე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. სექსუალურ სკანდალში გახვეული პოლიტიკოსი საქართველოს მასშტაბით უკვე იძებნება. ბოლო ინსტანციაში საქმის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მის მიმართ საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდეს.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 17 მარტს დააკავეს. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, მას ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში დასდეს. საქალაქო სასამართლომ წულაიას მხოლოდ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე განაჩენი სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.

დღის ამბები