01 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
"ეს არის რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები" - კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი და ტრაგიკული ქმედებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა განახორციელეს ფართო და სისტემური თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

განცხადება კამალა ჰარისმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ეს არის რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

"შარშან ამ სცენიდან გამაფრთხილებელი განცხადება გავაკეთე უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ. იმ დროს ბევრს აინტერესებდა, როგორ ვუპასუხებდით ამას და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რუსეთის შეჩერება? გაერთიანდებოდა თუ დაიშლებოდა ნატო? მზად იქნებოდა თუ არა უკრაინა? დღეს, ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ კიევი კვლავ ფეხზე დგას. რუსეთი დასუსტებულია. ტრანსატლანტიკური ალიანსი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც მთავარია, უკრაინელი ხალხის სული კვლავ მტკიცეა. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი ხშირად ამბობს, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ მოწმე გავხდით რუსული ძალების მონაწილეობის საშინელ სისასტიკესა და ომის დანაშაულებებში. მათი ქმედებები არის თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავდასხმა კაცობრიობაზე.

რუსეთის ძალებმა განახორციელეს ფართო და სისტემური თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საშინელი მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და დეპორტაცია, ცემა და ელექტროშოკი. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან რუსეთში ასობით ათასი ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მათ შორის ბავშვების. ჩვენ ყველამ ვნახეთ მარიუპოლის თეატრის სურათები, სადაც ასობით ადამიანი მოკლეს. წარმოიდგინეთ ორსული დედის სურათი, რომელიც მოკლეს სამშობიაროზე თავდასხმის შემდეგ. გაიხსენეთ ბუჩას დახვრეტილი მოქალაქეების სურათები. კაცი ველოსიპედით, ოთხი წლის გოგონა, რომელზეც რუსმა ჯარისკაცმა სექსუალურად იძალადა. ოთხი წლის ბავშვი - ეს ბარბაროსული და არაადამიანურია. შევისწავლეთ მტკიცებულებები, ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და უდავოა, რომ ეს არის რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები," - აცხადებს კამალა ჰარისი.

დღის ამბები