04 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ქალაქი, სადაც ერთ დროს ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მოჩვენებების ქალაქს ჰგავს - რა ვითარებაა კუპიანსკში, სადაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება

უკრაინაში ერთ-ერთი წითელი ზონა კუპიანსკია, ქალაქი, სადაც ერთ დროს ათიათასობით ადამიანი ცხოვრობდა, ახლა თითქმის დაცლილია. ადგილობრივებს კი მუდმივად რუსული ბომბების ქვეშ ცხოვრება უწევთ. ომის ერთი წლის თავზე რუსთავი ორი ისევ უკრაინაშია.

სოფელი პეტროპავლოვკა რუსი და უკრაინელი სამხედროების შეხების წერტილია. ეს დასახლებული პუნქტი ყოველდღიურად იბომბება.

კუპიანსკი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა, აქ  ადგილობრივები თითქმის აღარ არიან.
ის, ვინც დარჩა, ყოველდღიურად რუსული სარაკეტო დაბომბვის შიშის ქვეშ ცხოვრობს.

კუპიანსკის ერთ დროს ხალხმრავალ ბაზრობაზე, დღეს არავინაა. მიზეზი რუსული რაკეტებია, რომელიც ტერიტორიას რამდენიმე დღის წინ დაეცა. დაჭრილ ადამიანებთან ერთად, ქალაქის ეს რაიონი გადარჩენილების ნაწილმა დატოვა .

ის, ვინც კუპიანსკში დარჩა, რაკეტების წვიმაში უწევს ცხოვრება და ქალაქის მიტოვებას არ აპირებს. ერთ - ერთს ცენტრალურ ქუჩაზე გადავაწყდით. გამყიდველი რამდენიმე დღის წინ რუსული რაკეტის ნამსხვრევს მხოლოდ სასწაულით გადაურჩა.

რუსული რაკეტები ქალაქს გუშინაც დაეცა. ოკუპანტების არმიამ დასახლებაში თითქმის არცერთი საცხოვრებელი სახლი მთელი აღარ დატოვა

ადამიანები დაბომბილ ქალაქში გადარჩენისთვის იბრძვიან. საცხოვრებელ კორპუსებში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დარჩნენ.

მიუხედავად ინტენსიური ბრძოლებისა, რუსი ოკუპანტები ქალაქს ვეღარ უახლოვდებიან. კუპიანსკის შემოგარენს, რამდენიმე კვირის წინანდელი ბრძოლის კვალი ახლაც ეტყობა

მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, კუპიანსკელებს მხოლოდ ერთი რამის სჯერათ, რომ სიყვარული ომზე ძლიერია.

დღის ამბები