24 აგვისტო 2026,   03:35
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო - მას მოსამართლემ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო - მას მოსამართლემ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაა. თავად ოზთურქი სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თურქ ბიზნესმენს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ამ საქმის განხილვა აპრილიდან დაიწყება.

დაცვის მხარე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ განაჩენს არ ეთანხმება. უფლებადამცველის განცხადებით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საჭიროებისამებრ კი სტრასბურგის სასამართლოშიც.

"არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის უსამართლოდ ცალმხრივი, ტენდენციური, რომლის დროსაც სრულად იქნა გაზიარებული მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. ჩვენ დადგენილ ვადებში აუცილებლად გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ მოგვიწევს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოშიც საქმიანი დავის წამოწყება," - ამბობს გალიფ ოზთურქის ადვოკატი თენქგიზ კახიძე.

პროკურატურმა განაჩენს კანონიერსა და სამართლიანს უწოდებს. პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო წარდგენილ უტყუარს მტკიცებულებებს დაეყრდნო.

"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი და სამართლიანი. სასამართლო დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა მასზედ ბრალად შერაცხული ქმედებები. შესაბამისად, ბრალდების მხარესაც მოლოდინი გვქონდა ამ გამამტყუნებელი განაჩენის, ვინაიდან ჩვენს მიერ წარდგენილ იყო უტყუარი მტკიცებულებები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისად სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით," - განაცხადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

დღის ამბები