18 მაისი 2024,   17:40
ვრცლად
დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის, მარტივი შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს - ჯანდაცვის მინისტრი ჰოლდინგების დაშლის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ჰოლდინგების დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სააფთიაქო სფეროში არსებობს.

მინისტრის განმარტებით, ერთ ჰოლდინგში შემავალ აფთიაქს, კლინიკას, სადაზღვევო კომპანიას და იმპორტიორს შეუძლიათ მარტივი შეთანხმებით ნებისმიერ მედიკამენტს ნებისმიერი ფასი დაადონ, როგორც არ უნდა იყოს ის აცდენილი რეალობასთან. აზარაშვილის განმარტებით, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბაზარზე იყოს მეტი კონკურენცია.

"საბოლოო ჯამში, რასაკვირველია აქამდე [ჰოლდინგების დაშლამდე] მივალთ. სხვა შემთხვევაში ყველა ის რეფორმა, ცვლილება თუ გაუმჯობესება, რაც სისტემაში გვაქვს, ვერ მიიღწევა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკაზე და აღსრულებაზე იღებს სახელმწიფო. ჰოლდინგებს, საერთო ჯამში შეუძლიათ ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება, ზუსტად მსგავსი ტიპის შეთანხმებებით, რაც წინა კვირას მოხდა. კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებიც შეიძლება იყოს, რომ საბოტაჟი მოხდეს და საერთოდ იმპორტი არ განახორციელონ. სხვა თუ იმპორტს განახორციელებს, მცირე კომპანია, შემდეგ აფთიაქებში არ მისცენ გაყიდვის უფლება, სამწუხაროდ ასეთი ფაქტებიც შეიძლება არსებობდეს. ასევე, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები, სამწუხაროდ არ არსებობს კონკურენცია ამ კუთხით. ჩვენ წინა კვირას დავრწმუნდით რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის. მარტივი შეთანხმებით შეიძლება ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი რომ ეს ფასი გადაიხადოს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იქითკენ, რომ კიდევ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და შესაძლებლობა მიეცეთ შედარებით მცირე ზომის კომპანიებს ოპერირების, როგორც იმპორტის ნაწილში, ასევე დისტრიბუციის და აფთიაქების ნაწილში.

ეს ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ რომ მიმდინარე წელს და მაქსიმუმ მომდევნო წლის ბოლომდე ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული - სრულად რეალიზებული იქნება," - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები