გუშინდელ აქციაზე დაკავებულები ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა მოინახულა. ლევან იოსელიანი დიღმის სამმართველოში მივიდა.
"ყველა დაკავებული მოვინახულე, ვინც აქ იმყოფება. 25 ადამიანი არის დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი, მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მათი დაკავება მოხდა. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. ამავე დროს მოვინახულე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქ იმყოფება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი.
დაზიანებები ყველაზე სერიოზული, რაც მე ვნახე ვიზუალურად ეს ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება, დაკავების პროცესში ხელ-კეტი მოხვდა. ჩვენც გავაგზავნეთ ინფორმაცია, დაიწყო გამოძიება," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რუსთაველის გამზირზე ღამით პოლიციამ სულ 66 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. ზურა გირჩი ჯაფარიძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" კიდევ ერთი წევრი ნიკა მოსიაშვილი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.