11 მაისი 2024,   08:29
ვრცლად
რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, ამჯერად უკრაინაზე საჰაერო დარტყმებს რამდენიმე ტიპის რაკეტებით ახორციელებს

რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, ამჯერად უკრაინაზე საჰაერო დარტყმებს რამდენიმე ტიპის რაკეტებით ახორციელებს, ამ გზით კი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოგერიების საშუალებას ურთულებს. უკრაინის ქალაქებზე ბოლო დროის ყველაზე მასიური თავდასხმები სწორედ ამ მეთოდით მოხდა. ასე იყო დღესაც. ოკუპანტების ფოკუსში კვლავ ხერსონია.

გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში 100-ზე მეტი საჰაერო დარტყმის მოგერიება შეძლეს.

მალე უკრაინას ბრძოლას დანიის "ლეოპარდებიც" შეუმსუბუქებს, ტანკები ქვეყანაში უკვე გაზაფხულზე ჩავა. კოპენჰაგენის მიზანი მინიმუმ 2 უკრაინული ბატალიონის მომარაგებაა, რასაც მინიმუმ 80 ტანკი დასჭირდება. დამატებით 3 "ლეოპარდს" კიევს ფინეთი აძლევს. ქვეყანა მალე ჰელსინკისგან 29 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიიღებს, რეზერვშია კიდევ 37 მილიონის დახმარების პაკეტი. ამის შესახებ ზელენსკის პირადად სანა მარინმა უთრხა. ფინეთის პრემიერი ზელენსკის კიევში სტუმრობდა.

უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის მთავარი გარანტორი ვაშინგტონია. ეს უკრაინასთან ერთად, ევროპამაც კარგად იცის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისუფალი სამყაროს ლიდერს ამერიკაში ჩააკითხა. ევროკომისიისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ნათელი გახადეს, რომ ცვლილებები არ იქნება! თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის ბოლომდე გაგრძელდება.

მოსკოვმა დღეს შეიტყო,რომ კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა. „უკრაინას შეუძლია და მან უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევზღუდოთ უკრაინაში პუტინის უკანონო ომის დაფინანსება"- ასეთია კანადის ოფიციალური პოზიცია. რუსეთის 120 ფიზიკურ და 278 იურიდიულ პირს სანქციები დღეს ვოლოდიმერ ზელენსკიმაც დაუწესა,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორ სახელმწიფოებს ანალოგიური ზომების ამოქმედებისკენ უკვე მოუწოდა.

დღის ამბები