19 მაისი 2024,   07:16
ვრცლად
დახარჯული და დაკარგული გატაცებული თანხიდან - სად წაიღო ბადრი ესებუამ ბანკიდან გატაცებული სოლიდური თანხა

ქვეყნის ნომერ პირველი ძებნილი, ნომერ პირველი მხარჯველიც აღმოჩნდა. პოლიციელი, რომელიც ბადრი ესებუას აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ კითხვაზე თუ სად არის ბანკიდან წაღებული თანხა, დამნაშავემ უპასუხა, რომ ნაწილი დახარჯა, მეორე ნახევარი კი დაკარგა.

თავად ესებუამ ხმა თითქმის 6-საათიან სხდომაზე ერთხელ ამოიღო და პოლიციელის ჩვენებას ტყუილი უწოდა. მოწმეების ჩვენებასა და მტკიცებულებებს გაყალბებულს უწოდებს მისი დაცვის მხარეც.

გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ბადრი ესებუას დანაშაულის დასამტკიცებლად უტყუარი მტკიცებულებები აქვს, მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე სუნის ექსპერტიზა.

პროკურატურა ამბობს, რომ მტკიცებულებები დაცვის მხარის არგუმენტებს აბათილებს. რამდენიმე დღეში კი სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და პოლიციელი ავთანდილ გალდავაც დაიკითხება. გალდავა 2 წლის წინ 43 ადამიანის განთავისუფლების სანაცვლოდ ესებუასთან მძევლად თავად დარჩა.

სასამართლოში საქმის მთავარი ვიდეომტკიცებულებებიც აჩვენეს. კადრებში ჩანს, როგორ შეიჭრა ავტომატიდან გასროლის შემდეგ, შენიღბული და შეიარაღებული მძარცველი ბანკის შენობაში. ჩანაწერების მიხედვით, 43 მძევალი, ხელყუმბარით შეიარაღებული ბოროტმოქმედის ბრძანებებს დაემორჩილა. ისინი თავდამსხმელმა ერთ ოთახში შეიყვანა, რამდენიმე წუთში კი, სათვალთვალო კამერების გათიშვა აიძულა. კადრებში ასახულია მომენტიც, როდესაც 7 საათიანი ტყვეობის შემდეგ, მძევლები გათავისუფლდნენ, დამნაშავემ კი ტერიტორია მოთხოვნილი ნახევარი მილიონით, რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა. კადრებს დღეს პროცესზე ესებუაც ყურადღებით აკვირდებოდა.

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა 15 მარტს გაგრძელდება. უახლოეს დღეებში სავარაუდოდ ავთანდილ გალდავაც დაიკითხება, პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც მძარცველთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული და თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი.

დღის ამბები