15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
პრემიერმა დღეს დებატები 10:0 მოუგო რადიკალურ ოპოზიციას, გააშიშვლა მათი ნამდვილი, უსუსური და უინტელექტო სახე - ირაკლი კობახიძე

პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე, მათი უსუსური და ასევე პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეშად უინტელექტო სახე, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

"აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირი. მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერს ამისთვის. სხვათა შორის, ინტელექტზე და განათლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება, როგორც ჩანს სორბონის განათლება არ აკმაყოფილებს მარტო ქალბატონ ეკას. ეს ყველაფერი აჩვენებს რას, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, რა ხდება პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არის განათლება და ა.შ. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის მე მგონი, ძალიან ნათელი და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, პრემიერმა ძალიან კარგად, ქრონოლოგიურად გაიხსენა ეს ყველაფერი. მეც რამდენიმე აქცენტი მინდა, შემოგთავაზოთ, რას აკეთებდა ოპოზიცია 24 თებერვლის შემდეგ. დავიწყებ იმით, თუ რა გააკეთეს მათ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც ასევე პრემიერმა გაიხსენა. მათ ჩამოგვიყვანეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით ჩასვეს ეს კაცი კონტეინერში და გამოგვიგზავნეს საქართველოში, რისთვის?! რა თქმა უნდა, სიტუაციის არევისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს უკრაინიზაცია. ეს სიტყვა არ მოეწონა რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს და ამ ტერმინს აუცილებლად უნდა მივუბრუნდეთ, რას გულისხმობს უკრაინიზაცია და რა გეგმით ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, ამაზე აუცილებლად დამატებით აქცენტები უნდა გავაკეთოთ," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს გეგმა ჩავარდა და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ხელისუფლებამ, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რომელმაც ეს უმძიმესი კრიმინალი დააპატიმრა, დააკავა და მიუჩინა ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი.

"უშუალოდ 24 თებერვლის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკრაინაში ომის დაწყების ფონზე იმართებოდა ანტისამთავრობო გამოსვლები. წარმოიდგინეთ შეიქმნა ასეთი გეოპოლიტიკური ვითარება, უმძიმესი რისკები და ასეთ დროს რადიკალური ოპოზიცია მართავს ანტისამთავრობო აქციებს, რა თქმა უნდა ისევ და ისევ ხელისუფლების შეცვლის სურვილით. რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების შეცვლას, რა თქმა უნდა ამაზეც საზოგადოება გააკეთებს თავის დასკვნებს. ესეც იყო პირდაპირ დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც დაიწყო 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ამის შემდეგ, ზუსდტად იგივე ხალხი, რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული აბსოლუტურად გაუმართლებელი, გაუაზრებელი ნაბიჯი. თუმცა როცა ვამბობთ გაუაზრებელს, ოპოზიციას რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული ამ ნაბიჯის შედეგები და მიზანი ამ შემთხვევაშიც იყო პირდაპირ ესკალაცია, მიზანი იყო ბუნებრივია მეორე ფრონტი.

კიდევ უფრო მძიმე მოვლენა, მათ პირდაპირ მოითხოვეს მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, რაც უკვე სანქციებისგან განსხვავებით, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას ნიშნავდა. ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა პრემიერმა, როდესც  რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში ითხოვდა ამ ყველაფერს, ვიღაცები სხვაგანაც ითხოვდნენ ამას. საზოგადოებამ ესეც უნდა იცოდეს. რისთვის ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რისთვის ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას, რატომ უნდოდათ ესკალაცია, რატომ უნდოდათ საქართველოს უკრაინიზაცია, ამაზე საზოგადოებამ გააკეთოს თავისი დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები