15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
რა მოხდა ღამით კეზერაშვილის ცოლის ძმის საცხოვრებელ სახლში - "პოსტივის" ჟურნალისტი ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს ძალადობაში ადანაშაულებს

"პოსტივის" ჟურნალისტი ნათია ბერიძე აცხადებს, რომ დიმიტრი ჩიქოვანმა მასზე იძალადა. 

"ჯერ თავში ჩამარტყა, მერე კისერში მომიჭირა ხელი, როცა თავის გათავისუფლებას ვცდილობდი ამ დროს დამიზიანდა ხელი რკინის  ჩარჩოზე, ამ ყვირილზე კი ხელი გამიშვა და კარი მოხურა,"- აცხადებს "პოსტივის" ჟურნალისტი ნათია ბერიძე. 

წერეთლის გამზირზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველები წუხელ ღამით მივიდნენ.

პოლიცია ნათია ბერიძემ გამოიძახა, რომელიც ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი ამ დროს კონსპირაციულად, სამოქალაქო აქტივისტს, თათია სამხარაძეს ხვდებოდა. როგორც ჟურნალისტი ყვება, კონსპირაციული შეხვედრა, "პოსტივის" გენერალური პროდიუსერის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ დაიგეგმა. 112-ში კი მას შემდეგ დარეკა, რაც შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია მიიღო.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩიქოვანი ჟურნალისტს ხელით შეეხო. ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. "პოსტივის" კორესპონდენტი საგამოძიებო უწყებაში დღის ბოლომდე იკითხებოდა. ნათია ბერიძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

ჩიქოვანის სახლში რამდენიმესაათიან საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატებიც დაესწრნენ. ადგილზე მივიდნენ და ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან რაიმე დანაშაულს, კატეგორიულად უარყოფს თათია სამხარაძე. სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. ის წერს, რომ დეტალებზე ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ, მედიასთან ისაუბრებს. თათია სამხარაძე განვითარებულ მოვლენებს, "პოსტივის" გენერალური პროდიუსერის, შალვა რამიშვილის მიმართ, სექსუალურ შევიწროებაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

ფაქტს პროვოკაციად აფასებს დიმიტრი ჩიქოვანიც. "ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრი საჩივრისთვის ემზადება.

ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებით გამოეხმაურა. პარტიაში თვლიან, რომ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე უნდა დაიწყოს.

შესაძლო დანაშაულის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, ხელი არავინ უნდა შეუშალოს - ასე გამოეხმაურა 2 უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობა.

დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრია, რამდენიმე კვირის წინ სტუდენტის მოსყიდვაშიც დაადანაშაულეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩიქოვანმა თანხის სანაცვლოდ, სტუდენტებს ლექტორის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაავალა.

დიმიტრი ჩიქოვანს დღეს დაწყებული 2 გამოძიების ფარგლებში, ჩვენება ჯერ არ მიუცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მას სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიბარებენ.

დღის ამბები