03 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
გაგიგიათ "ვივამედის" რომელიმე ექიმისგან, რომ ადამიანი მოწამლულია? აქედან იწყება უბედურება, არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლეს - გიული ალასანია

აქვს თუ არა აზრი სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში" ყოფნას - ექიმები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ ჭამს, არ ემორჩილება მედიკოსებს, ამიტომ მას შეუძლია სიმპტომური მკურნალობა ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში გააგრძელოს.

მათივე თქმით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, რომ კვების პროცესში ჩართულიყვნენ სხვა გამოცდილი სპეციალისტებიც, სააკაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ექიმების განცხადებით, ექსპრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმშია. ენდოკრინოლოგის ინფორმაციით, სააკაშვილი იმ კალორიების მეოთხედს იღებს, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისა არის აუცილებელი.

დაკავებული ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, სააკაშვილი წონაში დაკლებულია. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, რის შედეგადაც ვერ იღებს საჭირო კალორიებს.

"მე არც ექიმი, არავინ არ მინახავს ჯერ, ჩემი თვალით მომეჩვენა, რომ კიდევ უფრო დაკლებულია წონით.

არ იღებს (საჭირო კალორიებს), ვერ იღებს იმიტომ, რომ მოწამლულია. კვერცხი, სალათი, წიწიბურა, ყველაფერი მივიტანე, მაგრამ რას შეჭამს იქიდან არ ვიცი.

გაგიგიათ "ვივამედის" რომელიმე ექიმისგან, რომ ადამიანი მოწამლულია? როდესმე გაგიგიათ? აქედან იწყება უბედურება. არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლეს.

სარჩელი დიდი ხანია მზად არის," - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, დაცვის მხარე სტრასბურგში საჩივრის გაგზავნას გეგმავს.

"ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ და რა სტრატეგიით უნდა გაგრძელდეს მისი უფლებების დაცვა, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სტრასბურგში იგზავნება საჩივარი, არა სარჩელი, მაგრამ ამჟამად თავს შევიკავებდი იმისგან, რომ მეთქვა ყველაფერი მზად არის და უნდა გავაგზავნოთ დღეს," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები