ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრები ხვდებიან. მათ შესვლამდე მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.
კლინიკაში 4 ექიმი იმყოფება, ისინი შეამოწმებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გაეცნობიან იმ მკურნალობას, რომელსაც პაციენტი "ვივამედში" გადის.
მანამდე სააკაშვილი მისმა დედამ გიული ალასანიამ მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი წონაში ისევ იკლებს და 61 კილოა.
"61 კილოა მისი წონა. რა თქმა უნდა არის ძალიან სუსტად იმიტომ, რომ ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს ფაქტობრივად. კონსილიუმის ექიმები ალბათ იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრე შედიოდა. ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ ბოლოს და ბოლოს," - აცხადებს გიული ალასანია.
ექიმები კი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი შეგნებულად იღებს დაბალკალორიულ საკვებს, რომ წონაში დაიკლოს.
"მთელი კვირის მანძილზე ის იყო სახალხო კონსილიუმის მოლოდინში, შესაბამისად კიდევ უფრო ადგილი ჰქონდა კალორაჟის შემცირებას, რაც აისახა. ფაქტია, რომ მიიღო იმაზე უფრო ნაკლები, რასაც ჩვეულ რეჟიმში ყოველდღიურად ღებულობდა ჩვეულ რეჟიმში. მკურნალობა ჩემი მხრიდან მას არ სჭირდება გარდა კვების რაციონის მოწესრიგების," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე.