რა პოზიცია აქვთ მოსამართლეებს, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა, 3 საათში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართება.
მანამდე კი დასანქცირებული მოსამართლეები კომენტარს "კურიერთან" აკეთებენ და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ. მათი შეფასებით, ეს საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა.
მოვლენების პარალელურად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის თავს არ დაუხრის სახელმწიფო დეპარტამენტს და რომ აშშ-მა ეს სანქცირების ბერკეტი ქართული მართლმსაჯულების მიტაცების გამო გამოიყენა.
"მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და არ ვიმსახურებდი ამ სანქციებს და სიმართლე გითხრათ, არც თავის დახრას ვაპირებ.
რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ მე ჩემი ღირსება მაქვს. შესაბამისად, შევხედოთ მოვლენები, როგორ განვითარდება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიტაცება ხდება სასამართლო ხელისუფლების. ეთქვათ, რომ ლევან მურუსიძე არის კორუმპირებული და წარმოედგინათ მტკიცებულებები.
გამომდინარე აქედან, მთავარი მოტივი არის სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების პროცესი," - აცხადებს ლევან მურუსიძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს, ირაკლი შენგელიას. მათ შეერთებულმა შტატებმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" სანქციები დაუწესა და შტატებში შესვლა აუკრძალა.